ირაკლი კობახიძე - რასაც ჩვენ ვამბობდით USAID-თან დაკავშირებით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, თანხები გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად
წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ. რასაც ჩვენ ვამბობდით USAID-თან დაკავშირებით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, თანხები გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ყველაფერი უნდა იყოს ცხადი.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ. ამდენი წლის განმავლობაში რასაც ვამბობდით და რასაც უწოდებდნენ პრორუსულ განცხადებებს, იმაზე დღეს საუბრობს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავად აფინანსებდა ასეთ პროექტებს. შესაბამისად, ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცხადი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება. USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა“.