ირაკლი კობახიძე - რას მოიმოქმედებდნენ უკრაინელები, იანუკოვიჩი რომ დანიშნულიყო საქართველოს ვიცე-პრემიერად, იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც სააკაშვილმა საქართველოს
რას მოიმოქმედებდნენ უკრაინელები, იანუკოვიჩი რომ დანიშნულიყო საქართველოს ვიცე-პრემიერად, იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც სააკაშვილმა საქართველოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტარმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხდა.
მან ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას ექნება რეაქცია.
„ჩვენ რეაქცია ბუნებრივია, აუცილებლად გვექნება, რადგან ასეთი რამ თუ მოხდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იქნება არამეგობრული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან უკრაინის პარლამენტიდან, პირველ რიგში, მმართველი პარტიიდან, ამ პარტიის ფრაქციიდან. ჩვენ გვყავს არაერთი მეგობარი უკრაინის ვერხოვნა რადაში, უკრაინის პარლამენტში და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის, უკრაინელი დეპუტატები მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში და თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მისი ასეთი მდგომარეობა. ამას არ ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვხატოთ ოპტიმიზმი, რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი კოლეგები უკრაინის პარლამენტიდან მიიღებენ აბსოლუტურად რაციონალურ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიტიური განწყობებია.
„სწორედ ეს გვიტოვებს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს. ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ და რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეაში, მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთო-ში და ა.შ., მათთან კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი. ისინი ძალიან სწორად აღიქვამენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან, მის პიროვნებასთან და მის საქმიანობასთან საქართველოსა თუ უკრაინაში. ეს არის დღესავით ნათელი, შესაბამისად ეს გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს.
ძალიან მარტივად დავსვამ კითხვას, რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, კოლეგები იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტზე? მათი რეაქცია ბუნებრივია, იქნებოდა აბსოლუტურად იგივე, რადგან იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავსი ქვეყანას, რაც დააწია სააკაშვილმა საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ეს პოზიცია უნდა იყოს ბუნებრივია, გასაგები ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. იმ დეპუტატებისთვის, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და საუბარი, ეს რეაქცია არის აბსოლუტურად გასაგები და ისინი ძალიან სწორად აღიქვამენ ამ რეაქციას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, თუკი მაინც დაინიშნება სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად, გამოიწვევს თუ არა საქართველო უკრაინიდან ელჩს, კობახიძე აღნიშნავს, რომ ამას შეიძლება მოყვეს კონკრეტული დიპლომატიური რეაქციაც.
„მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობას აქვს ისტორიული ფესვები და ხალხებს შორის მეგობრობას და ქვეყნებს შორის მეგობრობას ვერაფერი შეარყევს. თუმცა, ბუნებრივია, ასეთი დანიშვნა უარყოფითად აისახებოდა პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამას შეიძლება მოყვეს კონკრეტული დიპლომატიური რეაქციაც. და როგორი იქნება ეს რეაქცია, ამაზე საბოლოო ჯამში ბუნებრივია, ხელისფულება მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.