ირაკლი კობახიძე - რამდენიმეჯერ გვითხრეს, არც კი დაგვეწყო კანონპროექტის განხილვა, კატეგორიული მოთხოვნა იყო კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, სახელმწიფოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვერ დავუშვებდით
ირაკლი კობახიძე - რამდენიმეჯერ გვითხრეს, არც კი დაგვეწყო კანონპროექტის განხილვა, კატეგორიული მოთხოვნა იყო კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, სახელმწიფოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვერ დავუშვებდით

ტყუილი და ცარიელი სპეკულაციაა, ეს არაერთხელ მოვისმინეთ, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, თუ რატომ თქვეს უარი „ხალხის ძალის“ კანონის მიღებაზე.

კერძოდ, კობახიძეს კითხვა დაუსვეს: „რატომ თქვით უარი კანონის მიღებაზე, დასავლეთიდან ხომ არ იყო ზარი, რომ ამოქმედდებოდა თუნდაც კონკრეტული სანქციები?“

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე კანონპროექტის გარშემო განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვამ, დისკუსიამაც კი ხელშესახები შედეგები მოიტანა.

„ამ კანონპროექტმა მიღების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც მიღებით შეეძლო, მოეტანა. ჩვენ რამდენიმეჯერ გვითხრეს, არც კი დაგვეწყო ამ კანონპროექტის განხილვა. კონკრეტული სუბიექტების მხრიდან ეს იყო რაღაც კატეგორიული მოთხოვნა. არსებობს აზრის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ფიქრის თავისუფლებას როცა გიზღუდავენ, ეს თავისთავად მეტყველებს სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვერ დავუშვებდით. თავისთავად ის, რომ კატეგორიულად ითხოვდნენ განხილვის არდაწყებასაც კი, მეტყველებს, რამდენად მძიმე იყო ამ კანონპროექტის განხილვის დაწყება კონკრეტული სუბიექტებისთვის. სინამდვილეში, კანონპროექტის განხილვა როდესაც დაიწყო, უკვე მოიტანა ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები. ეს იყო, პირველ რიგში, ლუსტრაცია. შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია განხორციელდა.

ცდილობდნენ აზრის ჩამოყალიბებას, თითქოს კონკრეტული ორგანიზაციები არა უცხოური გავლენის, არამედ ქართველი ხალხის აგენტები არიან, რაც ტყუილია. არსებობს რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან ფინანსდებიან. ისინი არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები და ეს ძალიან კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც ამ კანონპროექტის ინიცირებით წარიმართა. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. კანონის მოღებითაც კი, შესაძლოა, ასეთი ხელშესახები შედეგი არ დამდგარიყო.

რაც შეეხება ბაკურიანის გეგმის პრევენციას, ამ კუთხითაც კანონპროექტის ინიცირება უმნიშვნელოვანესი იყო. მერწმუნეთ, კანონპროექტის ინიცირება და დისკუსია სერიოზულ შედეგებს მოიტანს ბაკურიანის გეგმის პრევენციის კუთხით. ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ „ენჯეოების“ ხელით „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. გახსოვთ, 2003 წელს „ენჯეოების“ მეშვეობით მოწყობილმა რევოლუციამ რა მოუტანა საქართველოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ადამიანების წამება, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მედიის სრული მონოპოლიზაცია და ასე შემდეგ. აღარ ჩამოვთვლი დანაშაულებს, რაც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს „ნაცმოძრაობის“ სურვილები და რუსული რეაქციები. აქედან დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს, რატომ ხდება ხოლმე ასეთი დამთხვევები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.