ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ, ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ
ოპოზიციის რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა ეს მოცემულობა ნახეს, რომ შეიცვალა, მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათანმიმდევრულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა არ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს ვითარება იცვლება, შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრულობა.
სამნიძე მეორედ ხდება უკვე საკუთარი კოლეგების, ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს იყო, როდესაც მან მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის კანდიდატურას და მეორედ – როდესაც მან გაიმეორა ის სიმართლე, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ, ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ და ამან გამოიწვია დანარჩენი ოპოზიციონერების განაწყენება და ბულინგიც ამის ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენ ამას ვამბობდით დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, სხვა სუბიექტები პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“. ამასთან, ხათუნა სამნიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, საქართველომ სტატუსი არჩევნების შემდეგ მიიღოს, აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება.