ირაკლი კობახიძე - რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება
ირაკლი კობახიძე - რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება

რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, 30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში.

„ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან – მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან – შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს. მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.

რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო – სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ.

ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.