ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩვენს კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს
ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩვენს კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის განცხადება არ არის სწორი შეფასება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს, რადგან მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„მგონი, ეს არ არის სწორი შეფასება. იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკო-ს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს. ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკო-ს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკო-ს თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ეს შეფასება მე არ შემიძლია, შევაფასო როგორც სამართლიანად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას“.