ირაკლი კობახიძე - ქვეყანას მკაფიო პოლიტიკა აქვს, რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიების გამოყენების უფლებას არავის ვაძლევთ
ირაკლი კობახიძე - ქვეყანას მკაფიო პოლიტიკა აქვს, რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიების გამოყენების უფლებას არავის ვაძლევთ

ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე ცდილობენ სპეკულირებას, თუმცა, სინამდვილეში, სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციებისთვის გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიები გამოყენებული არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, თუმცა მომავლისთვის საჭიროა სიფხიზლე და კოორდინაცია და ამას ემსახურება სანქციების ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტი.

„ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე ცდილობენ სპეკულირებას, თუმცა, სინამდვილეში, სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის და ამაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა ყველა ეტაპზე ყოველთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია და სწორედ ამის გაძლიერებას ემსახურება ვიზიტი. რა თქმა უნდა, ოპონენტები ვიზიტს სპეკულაციებისთვის გამოიყენებენ, თუმცა სასპეკულაციო არაფერია. რისკები ყოველთვის არსებობს და სახელმწიფო უწყებები სწორედ ამისთვის არიან მობილიზებული. ბუნებრივია, სწორედ ამისთვის არის საჭირო კოორდინაცია. როცა რისკები არსებობს, საჭიროა კოორდინაცია. ათასი სპეკულაცია და ტყუილი გახსოვთ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებდნენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფაქტებით დამტკიცდა, რომ ყველაფერი ტყუილი და სპეკულაცია იყო.

სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიები გამოყენებული არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, თუმცა მომავლისთვის საჭიროა სიფხიზლე და კოორდინაცია, ამას ემსახურება ვიზიტი. პრიგოჟინისტური მიდგომებია, როცა გინდა, რომ საკუთარ ქვეყანას მაქსიმალურად პრობლემები შეექმნას, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მალავენ. სინამდვილეში, ქვეყანას მკაფიო პოლიტიკა აქვს. რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიების გამოყენების უფლებას არავის ვაძლევთ“, – განაცხადა კობახიძემ.