ირაკლი კობახიძე - ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად, სწორედ ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ეროვნული ინტერესების დაცვას
დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, საუბარია როგორც ამერიკული „ფარას“ ასლის დაინიცირებაზე, ასევე საკითხი ეხება მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც გაწერილი იქნება ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც დღეს ისაუბრა უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არსებითად ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული.
„ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები, როგორიც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ა.შ. ძალიან სწორად ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერის მიერ, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, ეს იყო თავს მოხვეული ხარვეზები და, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, რომ ეს თავს მოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ, პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. ამასთან, მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.