ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტი ჩავარდა, ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას

18:07, 12.09.2025

განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ამერიკული მხარის პოზიციის მოლოდინში.

„ვაცხადებთ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, იმ პარტნიორობის განახლება, რომელიც გააუქმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, დანარჩენი არის დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, სრულიად ღია ვართ ამ ურთიერთობებისთვის. დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. რაც იქნება ამერიკული მხარის პოზიცია, იმის მიხედვით გაიმართება დისკუსიები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, რათა განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.

მსგავსი