ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა გარდატეხის შეტანა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება
ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა გარდატეხის შეტანა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის მიმართულებით გარდატეხის შეტანა მოახერხა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი წლის განმავლობაში ხორციელდება ძალიან კონკრეტული რეფორმები, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს და ქვეყანა თანმიმდევრულად, სწრაფი ტემპით მიიწევს ევროკავშირისკენ.

„2012 წლამდე იყო ძალიან მძიმე პროცესი ევროინტეგრაციის კუთხით. 2012 წლის შემდეგ გვაქვს გარდატეხა და ამის შედეგია ის, რომ მათ შორის ხელმოწერილი იქნა ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DC FTA) და ჩვენ მივიღეთ თავისუფალი უვიზო მიმოსვლა.

ექვსი წლის მანძილზე ხორციელდება ძალიან კონკრეტული რეფორმები, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, ქვეყანა თანმიმდევრულად და სწრაფი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, გაწევრიანება, სამწუხაროდ, ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება. ეს ყველამ იცის, თუმცა თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოლიტიკაში. ჩვენ კონსტიტუციურ მიზნად გვაქვს დასახული ევროინტეგრაცია, ეს ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო აუცილებლად გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი