ირაკლი კობახიძე - ქართული პოლიტიკური სისტემის პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, მასთან დაკავშირებულ მედიასთან თუ არასამთავრობოებთან ერთად, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც
ირაკლი კობახიძე - ქართული პოლიტიკური სისტემის პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, მასთან დაკავშირებულ მედიასთან თუ არასამთავრობოებთან ერთად, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც

ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია, სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა.

„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია. მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა“, – აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

როგორც კობახიძე აღნიშნავს,  უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

„მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს. ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა.