ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული, რაც გაგრძელდება, ამაზე პასუხისმგებელი ვართ
ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული, რაც გაგრძელდება, ამაზე პასუხისმგებელი ვართ

მზად ვართ, რეფორმების განხორციელებისთვის სხვადასხვა სფეროში, ეს რეფორმები გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ რეფორმებთან დაკავშირებით შარლ მიშელის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული.

„არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ მზად ვართ, რეფორმების განხორციელებისთვის სხვადასხვა სფეროში, ეს რეფორმები გაგრძელდება. „ქართული ოცნება“ იმით გამოირჩევა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი რეფორმა აქვს განხორციელებული სხვადასხვა სფეროში. ეს რეფორმები გაგრძელდება ყველა მიმართულებით და ამაზე ვართ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გუშინ არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში კიევში შეხვდნენ.

შარ მიშელმა ღარიბაშვილთან საუბრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი, კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – დაწერა შარლ მიშელმა.