ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს

„ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გააკეთებს, რათა დიალოგი წარმატებით დასრულდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს, შარლ მიშელს და ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომ ჩამოვიდა საქართველოში. ვიცით, რომ მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგის წარმატებით დასრულებას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდება. „ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს.

დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება დიალოგი და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება, გავაკეთოთ კომენტარები“, – განაცხადა კობახიძემ.