ირაკლი კობახიძე - პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოში დემოკრატიას განამტკიცებს
ირაკლი კობახიძე - პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოში დემოკრატიას განამტკიცებს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საქართველოში დემოკრატიას განამტკიცებს, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე გააკეთა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ დღეს თბილისში იმართება.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინიცირებულ დოკუმენტს და უკვე სამი მოსმენით დამტკიცებულ ახალ კონსტიტუციას აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე აკადემიურ წრეებს მუხლობრივად თბილისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში აცნობს.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ხუთ საკითხს ეხება. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ბონუსების გარეშე 5%-იანი ბარიერით ამოქმედდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკები ერთჯერადად დარჩება და ბარიერი 3% იქნება.

საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება იზრდება და რწმენის თავისუფლების საკითხი კონსტიტუციაში ზუსტდება. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილება ხდება და ტერმინი “ხმოსანი” “საარჩევნო კოლეგიით” იცვლება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალი კონსტიტუცია ქვეყანას ავტოკრატიას თავიდან ააცილებს.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლილებაა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტი მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა და ძალაში 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი შევა.

ნებისმიერი საარჩევნო სისტემის ამოცანაა, ერთი მხრივ პოლიტიკური პლურალიზმი, მეორე მხრივ კი სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოს. რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ეს პოზიტიური და მნიშვნელოვანი ცვლილება იყო და არცერთი რეალური ბლოკი არ შექმნილა.

ორი ფიქტიური ბლოკი შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ შესაბამის პარტიებს სახელმწიფოსგან ბლოკების ხარჯზე დამატებითი დაფინანსება მიეღოთ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში დემოკრატიას განამტკიცებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ბოლოს კი დღევანდელ საყოველთაო-სახალხო განხილვებს ირაკლი კობახიძე შეაჯამებს.