ირაკლი კობახიძე - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია
ირაკლი კობახიძე - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის განმეორებით განხილვა წარმოუდგენელია.

„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ხმათა მხოლოდ 30 პროცენტის მიღება შეეძლო.

„30 პროცენტი ეს „ნაცმოძრაობის“ ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 30 პროცენტზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 30 პროცენტზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა“ გამორჩენილი „ნაცმოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.