ირაკლი კობახიძე - პროკურატურას როცა მიუვიდა ინფორმაცია, მაშინ აღძრა საქმე დავით გარეჯის საკითხზე, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა აგოს პასუხი, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა
ირაკლი კობახიძე - პროკურატურას როცა მიუვიდა ინფორმაცია, მაშინ აღძრა საქმე დავით გარეჯის საკითხზე, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა აგოს პასუხი, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა

სამართალდამცავ ორგანოს როცა მიუვიდა ინფორმაცია, კანონის მიხედვით, მაშინ აღძრა საქმე, თუ ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს, სადაც საუბარია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის საგამოძიებო უწყებების გამოყენებაზე. კობახიძის განმარტებით, კანონის მიხედვით, პროკურატურას ევალება, მყისიერად აღძრას საქმე, თუ მას აქვს შესაბამისი ინფორმაცია.

„რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეს, თუ ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობამ“ და მისი ლიდერებიც თუ არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს, 70-80 მილიონი აქვს მას ამ საქმეში, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა. თუ მათ აქვთ ეს დანაშაული ჩადენილი, ბუნებრივია, მათ უნდა აგონ პასუხი როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. შესაბამისად, აქ ნათელია ყველაფერი. როდესაც მიუვიდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს, მაშინ კანონის მიხედვით აღძრა საქმე. კანონის მიხედვით, პროკურატურას ევალება, მყისიერად აღძრას საქმე, თუ მას აქვს ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, დავით გარეჯის საკითხზე „გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ“.