ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა, საკონსტიტუციო სასამართლო არავის სჯის, ერთადერთი, რასაც სასამართლო გააკეთებს, განმარტავს კომპეტენციის შინაარსს
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი ცარიელი სპეკულაციაა, საკონსტიტუციო სასამართლო არავის სჯის, ერთადერთი, რასაც სასამართლო გააკეთებს, განმარტავს კომპეტენციის შინაარსს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, რომლის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამა თუ იმ კომპეტენციის, ამ შემთხვევაში ელჩის დანიშვნის კომპეტენციის შინაარსის განმარტება.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი არის სპეკულაცია.

„საჯაროდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. ამ სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, რომ განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია. ამ შემთხვევაში, ელჩის დანიშვნის კომპეტენცია. ეს იქნება სარჩელის მიზანი. იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ვიღაცას პრეზიდენტის დასჯა უნდა, რაც არის ცარიელი სპეკულაცია მარტივი მიზეზის გამო. საკონსტიტუციო სასამართლო არავის სჯის. ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ იყოს კინკლაობაში ჩათრევის მცდელობა, თუმცა აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდნენ და ახლაც მაქსიმალურად გაუფრთხილდებიან.

„შეიძლება, არის მცდელობა, ჩვენ რაღაც კინკლაობაში შეგვიყვანონ, რასაც არ ვაპირებთ. თავის დროზე, პრეზიდენტის ინსტიტუტს ვუფრთხილდებოდით და რაღაცები საჯაროდ ამიტომ არ ვთქვი. მაგალითად, მაშინ, როცა კონსტიტუციის წინააღმდეგ ვიზიტი განახორციელა, პრეზიდენტის ინსტიტუტს გავუფრთხილდით, არ ვთქვით, თავად პრეზიდენტმა თქვა საპარლამენტო გამოსვლისას. აქაც ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ კინკლაობაში ჩაგვითრიოს, ამას არ გავაკეთებთ. მხოლოდ ფაქტებით ვისაუბრებთ და კონსტიტუციის განმარტებას მოვითხოვთ. შეგიძლიათ, ამოიღოთ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ოქმები, სადაც ყველა დამსწრე კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ელჩების დანიშვნის კომპეტენცია არის სიმბოლური“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.