ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი იტყუება, მას არ შეურჩევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი იტყუება, მას არ შეურჩევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არასწორია და მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი.

„როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია, ის ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არასწორია. მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი – როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-თაა წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, მარტივად პრეზიდენტს ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან არასწორია.

„პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მან კომენტარებიც კონსტიტუციის შესაბამისად გააკეთოს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არასწორია, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში იტყუება. მას არავინ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება მარტივად აისახა გადაწყვეტილებაში, რომელიც მარგველაშვილს ფორმალურად უნდა მიეღო“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა, რომელმაც პატივი უნდა სცეს ინსტიტუტებს და მოსახლეობის ნებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა თავის თავზე დაიბრალა.

„არასწორი სიტყვაა გამოყენებული. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მას არავის შერჩევის უფლება და საშუალება არ ჰქონდა, კანდიდატი უნდა წარმოედგინა, რომელიც დასახელებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3-ის მიერ. პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს ინსტიტუტებს, მათ შორის, ინსტიტუტს, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჰქვია. ამ შემთხვევაში, მან ეს უპატივცემულობა გამოავლინა. აჭარის მოსახლეობის ნებას პატივი არ სცა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა „თავის თავზე დაიბრალა“. ეს ტყუილია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საკუთარ საზოგადოებას ასე ექცევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე გუშინ დაასახელა.  „გავიაზრეთ ორივე კანდიდატურისა და მათი წარმდგენი ძალების პოზიცია. თორნიკე რიჟვაძის წარდგენას აქვს თავისი ლოგიკა, რადგან მისი წარმომდგენი არის პარტია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას ფლობს, მე ავარჩიე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.