ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ცდილობს, ე.წ. კინკლაობაში გამოგვიწვიოს, ჩვენი სურვილია, რომ არ ავყვეთ
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ცდილობს, ე.წ. კინკლაობაში გამოგვიწვიოს, ჩვენი სურვილია, რომ არ ავყვეთ

პრეზიდენტი ცდილობს, ე.წ. კინკლაობაში გამოგვიწვიოს, ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: „პოლიტიკური კურიოზია, „ქართული ოცნება“ ვერ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს“.

კობახიძის თქმით, არის სამართლებრივი და პოლიტიკური ვადები, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატი დასახელდება.

„სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიღაცას ვერ ვასახელებთ ან არ ვასახელებთ, აბსოლუტურად არასწორია. ასეთი კომენტარები ღიმილის მომგვრელია იმ პირობებში, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი თავად არ აცხადებს. მას კონსულტაციების გავლა არავისთან არ სჭირდება მმართველი გუნდისა და “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, რომელიც უამრავი წევრისგან შედგება, მათ შორის, პოლიტიკურ გუნდში ასეულობით ადამიანია წარმოდგენილი.

სერიოზული კონსულტაციების გავლა გვჭირდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს, ის საკუთარ გადაწყვეტილებას თავად არ აცხადებს და ჩვენ გვეუბნება, რომ საკუთარ კანდიდატს ვერ წარვადგენთ, რაც ღიმილის მომგვრელია და მარტივი სპეკულაციებია, რომელშიც არ გვინდა, რომ შევიდეთ და ჩვენს გამოწვევას ნუ ეცდება”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები გაიმართება და ნებისმიერ კანდიდატსა და ნებისმიერ კონკურენტზე განცხადებები გაკეთდება.