ირაკლი კობახიძე - პრემიერის შეხვედრა პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამ საქმეს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, არასწორი იქნებოდა
ირაკლი კობახიძე - პრემიერის შეხვედრა პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამ საქმეს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, არასწორი იქნებოდა

ადამიანები, ვინც ბავშვის მამასთან ერთად პრემიერთან შესვლას ცდილობდნენ, პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ამ საქმეს საკუთარი სუბიექტური მიზნებისთვის იყენებენ. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მათთან შეხვედრა არასწორი იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, აღნიშნულ დანაშაულს რაც შეიძლება მალე მოეფინოს ნათელი.

„მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ხელისუფლების სახელით. გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი, რომ მძიმე დანაშაულს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი, ყველა დეტალს, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკოსები ამ საქმეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ბავშვის მამასთან ერთად, ზუსტად ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი სუბიექტური, პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამორალური საქციელი. პრემიერ-მინისტრის მათთან შეხვედრა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პიზიცია არის სწორი”, – განაცხადა კობახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.

ზაზა სარალიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს.