ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური ზეწოლა გამორიცხულია, შეიძლება იყოს მცირედი გადაცდომები
პოლიტიკური ზეწოლა გამორიცხულია, შეიძლება იყოს მცირედი გადაცდომები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ბიზნესმენების შანტაჟი, მათთვის ფულის გამოძალვა, ქონების წართმევა.
„შეგახსენებთ, რა ვითარება იყო ადრე და რა ვითარებაა არის დღეს. ბიზნესზე ზეწოლა იყო ყოველდღიური მოვლენა იქამდე, ვიდრე შეიცვლებოდა ხელისუფლება 2012 წელს. მე მქონდა ერთხელ საშუალება, ბიზნესმენებთან ერთად ვიჯექი სუფრაზე, აღარ მახსოვს 2010 წელი იყო, დაახლოებით 15 კაცი იჯდა და 15-ივე ბიზნესმენი მოყვა, როგორ ახორციელებდა მაშინ ზეწოლას ხელისუფლება ბიზნესმენებზე.
საუბარი იყო შანტაჟზე, ფულის გამოძალვაზე, ქონების წართმევაზე, 15-ივე ბიზნესმენს ჰქონდა თავისი ისტორია ამ ზეწოლის და გამოძალვის თაობაზე. მაშინ შემთხვევით მოვხვდი ამ სუფრაზე, მე თვითონ ბიზნესმენი არ ვიყავი, ვმუშაობდი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. მაგრამ, იმის თქმა მინდა, იმდენად სისტემური იყო ეს პრობლემა, ბიზნესის რეკეტის პრობლემა. მაშინ მოხდა, გახსოვთ, ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია. ანუ, ქურდის ფუნქცია თავის თავზე აიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სახელმწიფომ. ეს იყო საერთო სურათი და ეს იმდენად სისტემური იყო, რომ ყველამ იცოდა ამის შესახებ, სახელებით, გვარებით, ჩემი მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, უამრავი ფაქტი იყო, რაზეც გვქონდა ჩვენ ინფორმაცია სახელებით და გვარებით. ეს იყო ვითარება 2012 წლამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, დღეს მსგავსი არაფერი ხდება და ბიზნესის რეკეტი, ქურდის ინსტიტუტი წარსულს ჩაბარდა.
„ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, დღეს არის ვითარება რადიკალურად განსხვავებული. უყურეთ, რამდენი ბიზნესმენია საქართველოში – საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა სისტემური კუთხით და სისტემურზეც არ არის საუბარი, რაიმე არასწორი სტატისტიკა რომ არსებობდეს, ეს ეცოდინებოდა მთელ საქართველოს. პრეცედენტები არ არსებობს ამის, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი ძალიან გამოკვეთილი სუბიექტური ინტერესი, მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის მოსახლეობის ფული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.