ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურ კლუბებს ვურჩევდი, იზრუნონ საკუთარ მხარდაჭერაში ხალხის დარწმუნებაზე, ვინც იცის, რომ ვერ ლახავენ ბარიერს, ასევე ვურჩევდი, დროულად იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე
ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურ კლუბებს ვურჩევდი, იზრუნონ საკუთარ მხარდაჭერაში ხალხის დარწმუნებაზე, ვინც იცის, რომ ვერ ლახავენ ბარიერს, ასევე ვურჩევდი, დროულად იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5-პროცენტიანი ბარიერი ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში და ამ სტაბილიზატორზე უარი არ უნდა თქვან.

კობახიძის თქმით, დემოკრატიული პროცესების სტაბილურად განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„რაც შეეხება პოლიტიკურ კლუბებს, ისინი აკეთებენ ხოლმე პერიოდულ განცხადებებს ბარიერთან დაკავშირებით. მათ ვურჩევდი, იზრუნონ იმაზე, რომ ხალხი დაარწმუნონ საკუთარ მხარდაჭერაში და სცადონ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. ასევე, მათ ვურჩევდი, რომ ვინც იცის, და თითქმის ყველამ იცის, რომ ვერ ლახავენ ბარიერს, დროზე იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე. შემდეგ ჩვენ არ დაგვაბრალონ, რომ დარჩებიან პარლამენტს გარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია აინიცირებს კანონპროექტს, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ელექტრონულად ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცეთ, კობახიძის განცხადებით, ასეთი ინიციატივა ბევრ რისკთან არის დაკავშირებული.

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, ძალიან ბევრ რისკთან არის დაკავშირებული ასეთი ინიციატივა. ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე. შესაბამისად, ასეთ ინიციატივას წარმატების შანსი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.