ირაკლი კობახიძე - პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ, ჩვენ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით ვმოქმედებთ
ირაკლი კობახიძე - პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ, ჩვენ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით ვმოქმედებთ

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც შარლ მიშელს, ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის მიმართავენ.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ევროპული ინტეგრაცია.

„ჩვენთვის არის მთავარი სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენთვის მთავარია, შეუქცევადი იყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ამისთვის ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს. ამისთვის არის, მათ შორის მთელი რიგი რეფორმების გამყარება სხვადასხვა სფეროში და ამ რეფორმებისთვისაც არსებობს, რა თქმა უნდა, სრული მზაობა.

„პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, ძალიან მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თავისი პლუსები და მინუსები აქვს როგორც 5-პროცენტიანს, ასევე 2-პროცენტიან ბარიერს. მისივე თქმით, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში, დემოკრატიული სისტემის განვითარებას არავითარი საფრთხე არ ექმნება.

„რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს არ არის დემოკრატიული რეფორმა, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ჩვენი კეთილი ნებით. ზუსტად ისიც არ ვიცით, ეს 2-პროცენტიანი ბარიერი იქნება სასარგებლო, თუ პირიქით, უფრო ზიანის მომტანი დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველა რაციონალურ ბარიერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, როგორც 5-პროცენტიანს, ასევე 2-პროცენტიანს, თუ ბუნებრივ ბარიერს, ნებისმიერ ბარიერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთლიანად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ ამ საკითხს. მეორე, რომც დარჩეს 5-პროცენტიანი ბარიერი, ამით არათუ არავითარი საფრთხე არ ექმნება დემოკრატიული სისტემის განვითარებას, არამედ ეს უკეთესიც კი შეიძლება იყოს დემოკრატიული სისტემის სათანადოდ განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ერთადერთი წმინდა მიზანშეწონილობის კუთხით იქნება ეს საკითხი განხილული და ჩვენ დაველოდებით ასევე ოპოზიციის მოქმედებებს. თუ ისინი აჩვენებენ, რომ მათი სურვილი არის პოლარიზაციის შემცირებაში წვლილის შეტანა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ კანონპროექტის მიღების შანსი ბევრად მაღალი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური პროგრესია, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც აჩვენებს.

რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ამ კუთხით ჩვენ გვქონდა გატარებული არაერთი რეფორმის ტალღა. შეგახსენებთ, როდესაც გატარდა ე.წ. რეფორმის მეოთხე ტალღა, იყო ძალიან მაღალი შეფასებები როგორც სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა მხრიდან, აქ შედიოდა არასამთავრობო სექტორიც, შედიოდნენ პოლიტიკური პარტიებიც. ასევე ძალიან დადებითი შეფასება გაკეთდა აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების მხრიდან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა რეფორმის აბსოლუტურად ყველა ასპექტს. ეს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხები. ეს რაც შეეხება კანონმდებლობას. პრაქტიკაშიც ბუნებრივია, არის კონკრეტული წინსვლა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე შეფასდეს წინა რეფორმის ეფექტი და ამის მიხედვით გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. მაგრამ, რაც შეეხება საერთო ვითარებას სასამართლო სისტემაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი კონკრეტულად ამ სფეროში და ყველა მიმართულებით, რასაც აჩვენებს სტატისტიკა, რასაც აჩვენებს საერთაშორისო რეიტინგები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთგზის გვითქვამს, კერძოდ, როდესაც ჩვენ ვთხოვთ სხვდასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ პარტიებს, დაგვისახელონ პრობლემური საქმეები სასამართლო სისტემაში, ისინი ამას ვერ ახერხებენ, რაც არის ნიშანი, რომ სასამართლო სისტემა თვისობრივად გამართულად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ყველა სისტემას შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ხარვეზი, მაგრამ ზოგადად, შეიძლება შეფასდეს, რომ თვისობრივად გამართულად მოქმედებს სასამართლო სისტემა. აქედან გამომდინარე, მათი ე.წ. კრიტიკა სასამართლო სისტემასთან მიმართებით არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული და არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტებზე, მტკიცებულებებზე.

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხედავს, რომ ყველა ბრძოლა წააგეს და შევიდნენ ისეთ პროცესში, რომელიც მათთვის არ იყო მომგებიანი, თუმცა ვეღარც გამოდიან ახლა ამ პროცესიდან. ეს არის მათი პრობლემა, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ არა მათი მათთვისვე გაუგებარი დღის წესრიგის მიხედვით, არამედ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც არის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებში. რა თქმა უნდა, მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ თავი დააღწიონ იმ არასწორ დღის წესრიგს, იმ სპირალს, რომელშიც თავადვე არიან შესული წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისინი უნდა გადაერთონ პოზიტიურ, ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო დღის წესრიგზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი