ირაკლი კობახიძე - პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დაფუძნებული დედაქალაქში
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დაფუძნებული დედაქალაქში

პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დაფუძნებული დედაქალაქში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე გუნდში იყო დისკუსია, რა დროსაც დეპუტატების უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანას დაუჭირა მხარი.

„პარლამენტის სასახლე არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთ-ერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში.

ჩვენ ამაზე თავიდანვე გვქონდა საუბარი. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ვადებზე და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შევჯერდით, რომ პარლამენტი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში გადმოვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადმოტანის ერთ-ერთი არგუმენტი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის ყოველდღიური ინტერაქცია უნდა იყოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს შეუძლებელი ხდება იმ პირობებში, როცა მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი – მეორეში.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის ფუნქციას რაც შეხება, შსს- მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მან უზრუნველყოს ამ შენობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება. საუბარია შსს-ს აკადემიის გადატანაზე და ასევე ერთგვარი რეგიონული ჰაბი შეიძლება გახდეს ეს შენობა შსს-სთვის. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სათანადოდ შეიძლება ამ შენობის დატვირთვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, პარლამენტის თბილისში გადმოტანით დაიზოგება ყველა ის ხარჯი, რომელიც ორი შენობის არსებობით იყო განპირობებული.

„ეს იყო დაახლოებით ორნახევარი მილიონი, რაც სჭირდებოდა ორი შენობის შენახვას. რაც შეეხება ამ ხარჯის გაწევას, მთავარია, რომ შენობა ფუნქციურად სწორად იყოს დატვირთული და ამ სწორად დატვირთვას მოხმარდეს ის თანხები, რომლებიც გამოიყოფა ამ შენობის შესანახად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესაც უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქუთაისს წაართვას როლი და სოციალური სტატუსი.

„გრიგოლ ვაშაძე ჩვენმა მეგობარმა, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერის არჩევნებში დაამარცხა ძალიან მძიმედ და ეს არის მის ყველა შეკითხვაზე პასუხი, ეს შემიძლია გითხრათ. ასევე მძიმედ დამარცხდება ის ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს ამ სპეკულაციებით, რომელსაც ეწევა ამ ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.