ირაკლი კობახიძე - პარლამენტი წელს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი წელს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით

პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც 2019 წლის გეგმებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება, რაც გამოხატული იქნება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე უცხოელი პარტნიორების ჩართულობით.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი მიიღებს ორგანულ კანონს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია. ასევე, მივიღებთ კანონს საქართველოში უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტი აქტიურად იმუშავებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელმაც სათანადოდ უნდა უპასუხოს ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობასთან, ბავშვების სიღარიბესთან, ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი 2019 წელს იმუშავებს სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ კანონზე.

„ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას რეგულარულად მივაწვდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო.  ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.