ირაკლი კობახიძე – პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს ნათელს მოჰფენს
იმის ნიშნები ჩანს, რომ სანდრო გირგვლიანის, ირინა ენუქიძისა და სხვა ადამიანების მკვლელები ამ პროცესებზე დომინირებას ცდილობენ, მაგრამ მათ მოვუწოდებ, დამშვიდდნენ, მიწაზე დაეშვნენ, რადგან ეს ყველაფერი არ გაუვათ და ბავშვების ტრაგედიას პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ამორალურად ვერ გამოიყენებენ, მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ისაუბრა, ასევე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.
სპიკერის ცნობით, პარლამენტი კომისიის შემადგებლობაზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს და მუშაობას დაიწყებს.
„კომისია პოლიტიზებული ყველა შემთხვევაში იქნება, ეს დღევანდელმა დისკუსიამაც დაადასტურა. მათ შორის ოპოზიციის გამოსვლებმა. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. საქმე სისხლის სამართლის საქმეს ეხება, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების მკვლელობასთან. ამის ხელოვნურად პოლიტიზირება ამორალური ქმედებაა და ამის სრულიად ცხადი ნიშნები ვიხილეთ.
სრულიად ამორალური ქმედებაა, როცა პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ასეთი საქმის გამოყენება ხდება. იმას უზრუნველვყოფთ, რომ კომისია ეფექტური იქნება და ისეთი დასკვნა დაიდება, რომელიც მაქსიმალურად ნათელს მოჰფენს იმ საქმეს, რომელზეც კომისია ისაუბრებს.
ჩვენი ოპოზიცია პოლიტიკური კულტურისა და მორალური ეთიკური სტანდარტების სათანადო დონეს ვერ ავლენს. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა და მიუღებელია, როცა აქციაზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის მკვლელები, ზონდერები, უბინძურეს დანაშაულებში მხილებული პირები დგანან. თავში მიხეილ სააკაშვილი დგას, შემდეგ მისი მარჯვენა ხელი ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ჯერ სანდრო გირგვლიანი მოკლეს და შემდეგ ირინა ენუქიძე. ამ დანაშაულს წლების მანძილზე ფუთავდნენ, შესაბამისად, ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია ის, რომ აქციაზე მიდიან”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირა.
დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისისიის შექმნის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.