ირაკლი კობახიძე - პარლამენტი იღებს ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი იღებს ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

საქართველოს პარლამენტმა გადადგა არაერთი ნაბიჯი ქვეყნის სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ფორუმზე გამოსვლისას ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უკვე ტრადიციად იქცა ნატო-საქართველოს საჯარო დიპლომატიის ფორუმის ჩატარება, რომელზეც ქვეყნისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორიცაა – ნატო-საქართველოს პარტნიორობა; ახალ და გამოწვევებით სავსე საინფორმაციო ეპოქაში სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება, საჯარო დიპლომატიის როლი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მდგრადობის გაზრდაში.  აღნიშნულ დისკუსიებსა და შესაბამის პროცესებში კი, იზრდება პარლამენტის როლი და ჩართულობა.

მისი შეფასებით, განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, პარლამენტი იმკვიდრებს საკვანძო ადგილს და როლს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში.

„საქართველოს პარლამენტმა გადადგა არაერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციაში აისახა საგანგებო ნორმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე.  საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს მიიღო საგანგებო რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდ აისახა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტმა  წარმატებით უმასპინძლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისში და გაძლიერდა საპარლამენტო თანამშრომლობა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. 2018 წლის ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი კი, უნდა იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.