ირაკლი კობახიძე - ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ, ისაუბრონ რუსეთთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ
ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც. მათ შეუძლიათ, ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბუ დაბიში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სპეციალური მომლაპარაკებლის დანიშვნის საკითხს ეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რითიც ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საკუთარ სახეს.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. თქვენ ხედავთ, რომ სხვა ქვეყნების მიმართაც არის ასეთი ორმაგი სტანდარტები. ხშირად ვიხსენებდით მოლდოვის მაგალითს, მოლდოვა დღემდე არის დსთ-ის წევრი, დღემდე აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 4 წელია თითქმის გასული, ერთი კრიტიკული განცხადებაც არ მოგვისმენია მოლდოვის მიმართ, მაშინ როდესაც საქართველოს აქვს განსხვავებული მდგომარეობა. არც დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს და, მოლდოველებისგან განსხვავებით, არც ჩვენი პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩადიან რუსეთის ფედერაციაში მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამ პირობებში საქართველო იყო გამოცხადებული რუსულ ქვეყნად, ხელისუფლება – რუსულ ხელისუფლებად. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც. მათ შეუძლიათ, ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი, რითიც ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საკუთარ სახეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. „პოლიტიკოს“ ცნობით, სახელდება მარიო დრაგისა და ალექსანდრ სტუბის კანდიდატურები.