ირაკლი კობახიძე - ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თანხების დეკლალირება არ ხდება
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თანხების დეკლალირება არ ხდება

საარჩევნო პროცესში ძალიან დიდი არადეკლარირებული ფული ტრიალებს, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც  კონფერენციაში – „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“ მონაწილეობს.

მისი თქმით, ხშირია საუბარი იმაზე, რომ მმართველ პარტიას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს დაფინანსების კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს რეალობას არ შეესაბამება და ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თანხების დეკლალირება არ ხდება.

„ამაზე იყო საუბარი 2016 წლის არჩევნებთან მიმართებაში, სადაც ითქვა, რომ მმართველმა პარტიამ მთლიანი საარჩევნო ხარჯებიდან დაახლოებით 90% დახარჯა. იყო საუბარი, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ 92% დახარჯა. ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს და უხეშად არის აცდენილი რეალობას ერთი მარტივი მიზეზი გამო – ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ ხდება თანხების დეკლალირება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90/10-ზე კი არა, 2016 წელს ოპოზიციამ დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ. ანუ სურათი იყო არა 90/10-ზე, არამედ მინიმუმ 50/50-ზე“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხშირად ისმის კრიტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული სამსახური დილემის წინაშეა, რადგან ან რეპრესიულ ზომებს უნდა მიმართოს, ან ლოიალური მიდგომა გამოავლინოს.

„აქ არის ძალიან სერიოზული დილემა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ან რეპრესიულ ზომებს უნდა მიმართოს, რომლებიც ძალიან ცუდად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ან უწევს ლოიალური მიდგომების გამოვლენა და იმ სურათთან შეგუება, რაც  დღეს არის ჩამოყალიბებული. აღნიშნულ მეორე მიდგომას ბუნებრივია, აქვს თავისი მინუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი არადეკლარირებული ფული ტრიალებს საარჩევნო პროცესში, რამაც პერსპექტივაში შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგები გამოიღოს, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მათთვის, ვინც საქართველოში საარჩევნო პროცესს აკვირდება, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ მაგალითად, 2017 წელს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მხოლოდ 2 მილიონი ლარი დახარჯა.