ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივად ვერ გვედავებიან ვერც ერთ კანონპროექტზე, დაჩქარება კი ხდება მილიონი კანონპროექტის
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივად ვერ გვედავებიან ვერც ერთ კანონპროექტზე, დაჩქარება კი ხდება მილიონი კანონპროექტის

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი, მოცულობის მიუხედავად, ძალიან მარტივია – ხდება ორი ხელოვნურად დაკავშირებული ფუნქციის ერთმანეთისგან გაყოფა.

კობახიძის თქმით, კანონპროექტით არსებითად არაფერი იცვლება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა არის დიდი, კანონპროექტი ძალიან მარტივია. კერძოდ, ხდება ერთი სამსახურის ორი სამსახურით ჩანაცვლება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ პაკეტის შინაარსი. არსებითად არაფერი იცვლება, იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა და ყველაფერი. ერთადერთი, გამოძიების ნაწილში ფართოვდება მანდატი და კომპეტენციები. ეს არის შინაარსი ამ კანონპროექტის. შესაბამისად, როცა გვქონდა საუბარი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვა სუბეიექტებთან, ყველა აღიარებს იმას, რომ ინსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული. ერთადერთი, რაზეც ისმებოდა კითხვა იყო, თუ რატომ განიხილება დაჩქარებული წესით. ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ  კანონპროექტი სინამდვილეში თავისი შინაარსით ძალიან მარტივია“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, კობახიძის განცხადებით, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის დეპარტამენტების თანამშრომლები ინარჩუნებდნენ საკუთარ პოზიციებს.

„დღეს კიდევ ერთხელ გვექნება დამატებით მსჯელობა, ალბათ ჩვენი მხრიდან დაყენებული იქნება კონკრეტული ინიციატივები, რის საფუძველზეც შეიქმნება უკვე კონკრეტული საკანონმდებლო გარანტია, რათა ადამიანებმა შეინარჩუნონ საკუთარი პოზიციები ამ სამსახურში, უფრო სწორად, ორ სამსახურში, რომელიც ამ ერთი სამსახურის ხაზზეა დაფუძნებული.

ლონდა თოლორაია თითქმის სამი წელია იკავებს ამ თანამდებობას. ჩვენ ნაკლებად გვქონდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მასთან ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. მე ვიცი, რომ ისინი კმაყოფილი არიან ამ თანამშრომლობით, ასევე, ვიცი, რომ პრემიერმა გააკეთა ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით განცხადება და მას შესთავაზა კონკრეტული პოზიცია სახელმწიფო სამსახურში. ის იყო შსს-ს კადრი. სწორედ შსს-დან გადავიდა ამ ახალ უწყებაში. თანამშრომლები რჩებიან ადგილზე – ეს ერთი, როდესაც პრემიერი ლონდა თოლორაიას სთავაზობს ანალოგიურ თანამდებობას საჯარო სამსახურში, აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების თანამშრომლების მიმართ, როგორც ხელმძღვანელის, ასევე სხვა თანამშრომლების მიმართ. აქედან გამომდინარე, აშკარად სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული კონკრეტული პრობლემები.

გაყოფის მიზეზი მარტივია – ეს იყო აბსოლუტურად ყველას რეკომენდაცია და პოლიტიკური გუნდის შიგნითაც უმრავლესობა იყო ამ ორი სამსახურის ცალ-ცალკე შექმნის მომხრე. თუმცა, მაშინ იყო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები გუნდის შიგნით, გარკვეული პოლიტიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება ერთიანი სამსახურის შექმნის შესახებ.

ხდება ხელოვნურად დაკავშირებული ორი ფუნქციის ერთმანეთისგან გაყოფა, რაც იყო ყველას რეკომენდაცია, მათ შორის – არასამთავრობო ორგანიზაციების. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად წესრიგდება ის არასწორი მოცემულობა, რომელიც დღემდე იყო ჩამოყალიბებული გასული სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა არის კანონპროექტის განხილვის დაჩქარების მიზეზი.

„დაჩქარების მიზეზი იყო ის, რომ სინამდვილეში კანონპროექტი ძალიან მარტივია. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ უკეთესი ინსტიტუციური სისტემა უნდა შეიქმნას, რატომ უნდა გადაიდოს დამატებით მაგალითად ორი, სამი, ოთხი თვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შინაარსობრივად ვერც ერთ კანონპროექტზე ვერ ედავებიან.

„შინაარსობრივად ვერ გვედავებიან ვერც ერთ კანონპროქტზე, ეს არის მთავარი. როცა საუბარია ავტორიტარიმზე, უკუსვლაზე და ა.შ. ეს ღიმილისმომგვრელია. საქართველოში ყველა ხედავს, რომ ეს ადამიანები საუბრობენ 9 წელი ავტორიტარიზმზე და 9 წლის განმავლობაში გვაქვს მხოლოდ პროგრესი, მათ შორის – დემოკრატიის ნაწილში. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია. ვერც ერთ კანონპროექტზე შინაარსობრივად ვერ გვედავებიან. დანარჩენი, ახლა რატომ მოხდა დაჩქარება, დაჩქარება ხდება მილიონი კანონპროექტის, ამ შემთხვევაშიც კონკრეტული დასაბუთება ჰქონდა თითოეულ დაჩქარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.