ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების დანაწილების პრინციპში ვერ ერკვევიან
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების დანაწილების პრინციპში ვერ ერკვევიან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონთან“ მიმართებაში ნარჩუნდება კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით საქართველოს პარლამენტისთვის მინიჭებული ბერკეტები.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ყველა ამ მექანიზმს გამოიყენებს, რომ განახორციელოს აღნიშნული კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა.

„ბუნებრივია, ნარჩუნდება ყველა ის ბერკეტი, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. ეს ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომ პარლამენტმა განახორციელოს ამ კანონის სათანადო აღსრულების ზედამხედველობა. რაც შეეხება პარლამენტის ჩარევას აღსრულებაში, შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების განაწილების პრინციპის თანახმად, პარლამენტს არ აქვს არავითარი უფლება, ჩაერიოს აღსრულებაში. ეს იქნებოდა ჩარევა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა. ამ საკითხს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც ისინი ვერ ერკვევიან ხელისუფლების დანაწილების პრინციპში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან უფლებამოსილებები მთავრობასა და პარლამენტს შორის.

„აქვე არის ერთი პრინციპი მნიშვნელოვანი, რომ ნორმაშემოქმედება უნდა იყოს გამიჯნული იმ სისტემაში, რასაც ჰქვია ხელისუფლების განაწილება. დაუშვებელია, გარდა საგანაგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობისა, არსებობდეს შემთხვევა, როდესაც მთავრობის ნორმატიულ აქტს ამტკიცებს პარლამენტი თვისი ნორმატიული აქტით. ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ერთ-ერთი მოთხოვნა. მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან უფლებამოსილებები მთავრობასა და პარლამენტს შორის. აქაც გვჭირდება ელემენტარული პრინციპების ცოდნა, იმ პრინციპისა, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება. აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნაც არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ენიჭება, საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგია.