ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა, ყველა შემთხვევაში განწირულნი არიან მარცხისთვის და დესტრუქციაზე გადავიდნენ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა, ყველა შემთხვევაში განწირულნი არიან მარცხისთვის და დესტრუქციაზე გადავიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათემატიკურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, რადგან 120/30-ზე მოდელის შემთხვევაში, მათ პარლამენტში მეტი მანდატის მიღების საშუალება აქვთ.

„რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე პირობებში“,- განაცხადა კობახიძემ.

თუმცა, კობახიძის თქმით, იპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში, მათთვის არჩევნებს აზრი არ აქვს.

„რეალობა არის ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, რომ არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული ყველა შემთხვევაში, იქნება ეს 77/73, თუ 120/30-ზე, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, შესაბამისად, სამწუხაროდ, გადასული არიან დესტრუქციაზე.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი არ ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, როგორც ვიცი, არ აპირებენ ასევე საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე აცხადებენ, რომ ხმას არ მისცემენ ამ ცვლილებებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის გიორგი რურუას თემა უბრალოდ საბაბია.

„რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი არის 12 პროცენტიანი პარტია, მეორე არის სამპროცენტიანი პარტია. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და ეძებენ ახალ საბაბს.

ორი ვალდებულება ავიღეთ ჩვენ ამ შეთანხმების საფუძველზე, ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება.

როდესაც ოპოზიცია ითხოვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ზეწოლას სასამართლოზე იმისთვის, რომ გათავისუფლდეს რურუა, ეს არის სწორედ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმებას მის ორივე ნაწილში და ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, მარტივად არის აქ ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განხილვის პროცესთან დაკავშირებით ისმჯელეს.

დატოვე კომენტარი