ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება

სამუშაო შეხვედრა ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების თხოვნით გაიმართა, განსახილველი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ბედი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციური პროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული, მეორე-მესამე მოსმენაზე ჯერ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ოპოზიციას უმრავლესობის პოზიცია აინტერესებდა.

„დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე იყო მსჯელობა. ყველაფერი არის ღია ამ თემაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ამ ეტაპზე, ყველა თემა არის ღია – ასეც შეიძლება, ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციის ქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია. ღია იმას გულისხმობს, რომ არაფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პირველ რიგში, კონსულტაციები გვჭირდება საპარლამენტო უმრავლესობასთან. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს შესაძლო დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადეთი, რაზეც გვაქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური ბარიერი 43 პროცენტი გადავლახეთ და 47 პროცენტი ავიღეთ. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებზე არის დახურული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციულია. ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესი იყოს, კერძოდ, პოლიტიკურ სისტემაში უკეთესი მოცემულობა იყოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კონსულტაციები თუ იქნება სხვადასხვა თემაზე, კანონპროექტზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მზად ვართ, შეხვედრისთვის და კონსულტაციებისთვის, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულება. ასეთივე დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის ქმედებებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის დღეს პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართა.