ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებისთვის ორპარტიულ მხარდაჭერაზე უარი თქვა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებისთვის ორპარტიულ მხარდაჭერაზე უარი თქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ ორპარტიულ მხარდაჭერაზე უარი თქვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შედგა წინასწარი კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან, შესაძლებელი იყო იმ ვარიანტის განხილვა, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერით გადის ორი კანდიდატი, თუმცა ამაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან.

„ჩვენ წინასწარი კონსულტაციები გვქონდა საპარლამენტო უმცირესობასთან. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო იმ ვარიანტის განხილვა, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერით გადის ორი კანდიდატი, თუმცა ამაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ჩვენს კანდიდატს, ხოლო საპარლამენტო უმცირესობამ დაუჭირა მხარი თავის კანდიდატს.

ეს იყო, სამწუხაროდ, საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია, რის მიხედვითაც ჩამოყალიბდა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებაც. ჩვენთვის მოსაწონი კანდიდატი ნინია კაკაბაძე არ არის. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება უმრავლესობის მიერ დასახელებულ სხვა კანდიდატებს, სხვა კანდიდატებმაც მიიღეს საკმაოდ დიდი რაოდენობა ხმების, თუმცა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ზაზა შათირიშვილმა. ეს იყო უმრავლესობისა და მისი დეპუტატების გადაწყვეტილება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირიშვილი გახდნენ.

დღევანდელ პლენალურ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ ია მამალაძეს მხარი – 74 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ოთხი იყო;  ზაზა შათირიშვილმა – 103 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, მის წინააღმდეგ რვა წავიდა,  ხოლო მალხაზ ასლამაზაშვილს მხარი 16 დეპუტატმა დაიჭირა, წინააღმდეგ კი, ხმა შვიდმა დეპუტატმა მისცა.

კენჭისყრაზე ჩავარდა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების რიგებიდან შერჩეული ნინია კაკაბაძის კანდიდატურა – მას მხარი 11 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 40 დეპუტატი იყო.

კენჭისყრაზე დადგა ზვიად დევდარიანის კანდიდატურაც, რომელიც ჩავარდა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კანდიდატურა კენჭისყრაზე იმიტომ დადგა, რომ მისი მოხსნის თაობაზე პარლამენტისთვის არც სახალხო დამცველს მიუმართავს და არც თავად ზვიად დევდარიანს.

პარლამენტმა სხდომაზე ასევე კენჭი უყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ – ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურასაც, რომელიც ბორდის წევრი – 101 მომხრე ხმით 5-ის წინააღმდეგ გახდა.