ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ისეთი კითხვა დაუსვა ოდირს, რომელზე პასუხის პრეროგატივაც ამ ორგანიზაციას არ აქვს, ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ისეთი კითხვა დაუსვა ოდირს, რომელზე პასუხის პრეროგატივაც ამ ორგანიზაციას არ აქვს, ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა

ოპოზიციამ მიიღო მარტივი პასუხი ოდირისგან, რომ ამ ორგანიზაციის ფუნქცია ვერ იქნება კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის თხოვნით გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია. ისინი ი​თხოვდნენ კონსტიტუციურობის დადგენას, თუმცა მათ მიიღეს მარტივი პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციის ფუნქცია ვერ იქნება კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება. მარტივი პასუხი გაიცა ამ შემთხვევაში და ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა. მათ ისეთი კითხვა დაუსვეს ოდირს, რომელზე პასუხის გაცემის პრეროგატივაც ამ ორგანიზაციას არ აქვს. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ოპოზიცია დარჩა იმედგაცრუებული, თუმცა, გუშინ თქვენ ხედავდით, რომ მათ არაერთი ტყუილი თქვეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ოდირმა დაადასტურა გერმანული მოდელის კონსტიტუციურობა, რაც არის ძალიან მარტივი ტყუილი და ეს ტყუილი, ბუნებრივია, მეორე დღესვე გაიშიფრა. ჩვენ გვაქვს წარდგენილი შეთავაზება. ეს არის 100/50-ზე მოდელი და ამასთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს ოპოზიციის მხრიდან. თუ მათი მიდგომა იქნება კონსტრუქციული და რაციონალური, ამ შემთხვევაში მოვახერხებთ შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.