ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ დროის დაკარგვა გააგრძელოს, ჩვენ საარჩევნო სამზადისს გავაგრძელებთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ დროის დაკარგვა გააგრძელოს, ჩვენ საარჩევნო სამზადისს გავაგრძელებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების შედეგს ყოველთვის აცდენილია.

„ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და „სიარარსის“ კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. საბოლოო ჯამში არის ხოლმე აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, ვერ ახერხებენ, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს და შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებზე მომუშავე კონკრეტული კომპანიები, პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

„აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, „სიარარსი“ – მეორე განშტოებასთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება ხოლმე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ, ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის ოპტიმიზმს და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში. ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა აქტივის ხარჯზე მობილიზებულ მათ აქციაზე. შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში 50 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

„რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და რესპონდენტს, ძალიან მარტივად კეთდება ხოლმე ალოკაცია. ალოკაციის საფუძველზე როცა ტარდება კვლევა, კარგად ვხედავთ, როგორ დასრულდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50 პროცენტიან მაჩვენებელს. მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს ერთი წელიწადი, რომ კარგად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5 პროცენტი, გამოკითხულთა 4 პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- 2 პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2 პროცენტი.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 1 პროცენტი.

გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.