ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა
ოპოზიციაში მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა ტრაგიკულ სურათს აჩვენებს.
„ფაქტია, რომ დიდი არჩევანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და საინტერესო სპექტრში არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, ტრაგიკულ სურათს აჩვენებს. მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ალეკო ელისაშვილის გადაცემის მიზნით.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.