ირაკლი კობახიძე - საინტერესოა, რატომ მოუნდათ ომის დროს შეკრება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება, „ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ - საქართველო გახდეს მეორე ფრონტი
ირაკლი კობახიძე - საინტერესოა, რატომ მოუნდათ ომის დროს შეკრება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება, „ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ - საქართველო გახდეს მეორე ფრონტი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით დღეს სურს, საქართველო გახდეს მეორე ფრონტი და რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც ამ განზრახვას უკავშირდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკური ძალა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ. კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ  ბაკურიანის შეკრებაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

„თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, ყველასთვის გასაგებია, რა ნიშნით იყვნენ შერჩეული პოლიტიკური პარტიები. აქ წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“. ეს იყო თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ზურა გირჩი ჯაფარიძე“, ხოშტარიას პარტია და „ლელო“, ანუ, ექვსი რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. ასევე საინტერესოა, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ენჯეოები არიან ე.წ. ენჯეოები. იქ იყვნენ ამ ენჯეოების წარმომადგენლებიც და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნის „ნაცმოძრაობას“. ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია, პირდაპირი გამჟღავნება იმისა,  რა შინაარსით არის დატვირთული მათი ერთობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი – ერთი შეხედვით რეგიონში არის ომის მდგომარეობა და ასეთ დროს ქვეყანაში არეულობის შემოტანის და რევოლუციის მოწყობისთვის არის ერთგვარი არასახარბიელო დრო, ასეთ დროს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაც უფრო რთულია რადიკალური ძალებისთვის. საინტერესოა, რატომ ომის დროს, სწორედ რომ ომის დროს მოუნდათ ამ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს არის ომის პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას – „ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში და ეს რევოლუციური გეგმებიც არის პირდაპირ კავშირში ამ ძირითად განზრახვასთან. ჩვენ არავის მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების, არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას. ამაზე ვართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, მმართველი ძალა და ყველა შესაბამის განზრახვას გაეცემა სათანადო პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელო“ ბაკურიანში მუშაობდა ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე. კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა და ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობას ნამდვილად არ ვაპირებთ ამ კითხვარის შევსებისას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ზოგადად კითხვარის გასაჯაროებას, კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. „გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პორობლემა არ გვაქვს. მთავარია, როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.