ირაკლი კობახიძე - ომის კამპანია თუ ეკუთვნის „ფეესბეს“, გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, კავშირში არიან „ფეესბეს“ საქმიანობასთან, ომის რისკებზე საუბრები კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება
ირაკლი კობახიძე - ომის კამპანია თუ ეკუთვნის „ფეესბეს“, გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, კავშირში არიან „ფეესბეს“ საქმიანობასთან, ომის რისკებზე საუბრები კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მმართველი გუნდი ომთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს, ამაში კონკრეტულ რამეს გულისხმობენ, თუმცა ბოლომდე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს.

აღნიშნული კომენტარი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა საქართევლოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება, სადაც დგნანი ამბობს: „მზაკვრული ნარატივი, რომელიც, „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა, როგორც ჩანს, გრძელდება. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია, რა წერია სახელმძღვანელოებში.

„არ ვიცი, კონკრეტულად რა იგულისხმებოდა. რაც შეეხება „ფეესბეს“, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა წერია სახელმძღვანელოებში. რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ რისკებს, რაც დღემდე ბოლომდე განეიტრალებული არაა, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, რაზეც ბოლომდე საჯაროდ ვერ ვიტყვით ყველაფერს. რაც შეეხება „ფეესბეს“ და ამ კამპანიას, თუ ომის კამპანია ეკუთვნის „ფეესბეს“, ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე არიან დაკავშირებული „ფეესბეს“ საქმიანობასთან. კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება საუბრები, რაც დაკავშირებულია ომის რისკებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.