ირაკლი კობახიძე - ოლაფ შოლცმა თქვა ჩემთან შეხვედრაზე, რომ მას არც ევროკომისიის და არც ფრანგული კანონი არ მოსწონს, ეს გასაგებია, მაგრამ ამისთვის საფრანგეთი არავის გაუკრიტიკებია
ირაკლი კობახიძე - ოლაფ შოლცმა თქვა ჩემთან შეხვედრაზე, რომ მას არც ევროკომისიის და არც ფრანგული კანონი არ მოსწონს, ეს გასაგებია, მაგრამ ამისთვის საფრანგეთი არავის გაუკრიტიკებია

კანცლერმა ნამდვილად თქვა, რომ, მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში, რაზეც ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა. მიპასუხა, რომ მას არც ევროკომისიისა და არც ფრანგული კანონი არ მოსწონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ეს გასაგებია, მაგრამ ამისთვის საფრანგეთი არავის გაუკრიტიკებია“.

„კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში, რაზეც ერთი არგუმენტი ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მიპასუხა, რომ მას არც ევროკომისიის და არც ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია ამისთვის საფრანგეთი.

რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა მოსაზრებების გაცვლა. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და, ბუნებრივია, ეს ტექსტი იქნა წაკითხული ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გაცრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან“, – განაცხადა კობახიძემ.