ირაკლი კობახიძე - ოლაფ შოლცის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი კობახიძე - ოლაფ შოლცის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ

ოლაფ შოლცის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. აბსოლუტურად ცხადია, როდესაც გერმანიის კანცლერი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. მათთვის არის განსაკუთრებული და ინტერესის საგანი, საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შოლცის ეს განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ვხედავთ, რომ არის სამი რადიკალური პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლებიც ამას მხედველობაში არ იღებენ და პრინციპულად არიან გამიჯნულნი იმ სამუშაო პროცესისგან, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას. არ ვიცით, რამდენი განცხადება დასჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. დღეს აშკარაა, რომ სამი პოლიტიკურ პარტია პირდაპირ არის დაინტერესებული საბოტაჟით და იმით, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.