ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

ირაკლი კობახიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, ირაკლი აბუსერიძე, დავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.