ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგტაი ასადოვთან, ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამადოვთან გამართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის 53-ე პლენარულ სესიას დაესწრება.

პლენარული სესიის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავს და „მარადიული ცეცხლის“ კომპლექსს გვირგვინით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

დატოვე კომენტარი