ირაკლი კობახიძე - „ოდირის“ რეკომენდაციები ძალიან დაგვეხმარა მოსამართლეთა შერჩევის კანონის სრულყოფაში
ირაკლი კობახიძე - „ოდირის“ რეკომენდაციები ძალიან დაგვეხმარა მოსამართლეთა შერჩევის კანონის სრულყოფაში

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არაერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის დაწყებამდე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა სახალხო დამცველს, რადგან სწორედ ომბუდსმენის ორგანიზებით მივიღეთ ოდირის დასკვნა. მადლობა თავად ოდირს, რა თქმა უნდა. ძალიან დაგვეხმარა ეს რეკომენდაციები საბოლოო ჯამში კანონპროექტის სრულყოფაში. არაერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. მათ შორის იყო საკვანძო რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა მაგალითად კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნას, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეკომენდაციების დახვეწას. იყო სხვა საკითხებიც და ეს რეკომენდაციები სათანადოდ იქნა ასახული კანონპროექტში. შესაბამისად, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდება კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლეებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს ისმენენ.