ირაკლი კობახიძე ოდირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ოდირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა წინა წლებში ჩატარებული საპარლამენტო და თვითმმართველობების არჩევნები მიმოიხილეს და იმ საარჩევნო რეფორმაზე ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება.

„დისკუსიის რეჟიმში სტუმრებთან საინტერესო იდეებიც გავცვალეთ. უახლოეს პერიოდში საქართველოს კიდევ ერთი მისია ესტუმრება და საშუალება მოგვეცემა, კიდევ ერთხელ განვიხილოთ აღნიშნული თემები. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნებს, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება, ჩვენ ინტერესით დაველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოდირის მისიის წევრებთან ასევე მიმოიხილეს საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნები და ყურადღება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე გაამახვილეს.