ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე

არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას გამოსვლას პლენარულ სხდომაზე.

კობახიძის თქმით, მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა.

„არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული“, – მიმართა მან ნიკა მელიას.

კობახიძის თქმით, ნიკა მელიას გამოსვლა შეურაცხყოფით სავსე იყო.

„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.