ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც რეიტინგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელ გამარჯვებას უკავშირდება 
ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც რეიტინგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელ გამარჯვებას უკავშირდება 

ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ისტერიული განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს უკავშირდება, რომელთა მიხედვით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს ხალხისა და ჩვენი თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა კობახიძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „ფეიქბუს” პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”.