ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიამ თუ იცოდა დანაშაულის მომზადების თაობაზე და არავის შეატყობინა, ეს არის მძიმე როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიამ თუ იცოდა დანაშაულის მომზადების თაობაზე და არავის შეატყობინა, ეს არის მძიმე როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით

ნიკა გვარამიამ თუ ყველაფრის შესახებ იცოდა, ეს სამართლებრივი თვალსაზრისით არის ისეთი საკითხი, რაც კითხვებს ბადებს და ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითზე კომენტირებისას აღნიშნა.

„რას ნიშნავს ის, როცა იცი დანაშაულის მომზადების თაობაზე, თან ამ სახის დანაშაულის მომზადების შესახებ და ამას არავის არ ატყობინებ. ეს არის მძიმე როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ევალება, რომ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმოქმედოს, რადგან უმრავლესობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანასა და საგარეო ურთიერთობებში.

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ნაბიჯი სწორედ ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შეუძლიათ, გააგრძელონ იმ სპეკულაციური განცხადებების კეთება, რასაც აკეთებენ. საქმე ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებას ჰქონდა. თქვენ გახსოვთ, რით დაამთავრეს საკუთარი ქმედებები ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის ვგულისხმობ ტერიტორიების 20%-ის ჩაბარებას რუსეთის ფედერაციისთვის. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ – ჩვენი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღემდე სუს-მა გააკეთა ყველაფერი, რათა ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას.

„როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, აქ მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ზოგადად, ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას შეიძლება მოჰყოლოდა უფრო მძიმე შედეგები. ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის არის, რომ ასეთი სცენარები აირიდოს თავიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.