ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამია ვერ გაექცევა ფაქტს, რომ სტრასბურგმა რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა, ტრიუკებით პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს
ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამია ვერ გაექცევა ფაქტს, რომ სტრასბურგმა რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა, ტრიუკებით პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს

გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროპულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას მხრიდან გაერო-სთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს, გაექცეს ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებას.

„საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ნიკა გვარამიამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს“, – განაცხადა კობახიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.