ირაკლი კობახიძე ნატო-სთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვარლამ ავალიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელს, ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვარლამ ავალიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს თანამდებობეზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედიაპლატფორმას აერთიანებს, ასევე, 2019-2021 წლებში იყო ,,სტუდია მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორი. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს. ვარლამ ავალიანი 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიაში.